Mtavari bio galery audio video press contact

 

 

ვაჟა ბაგრატის ძე დურგლიშვილი დაიბადა 1948 წლის 9 მაისს ახალგორის რაიონის დაბა ახალგორში. მამა, ბაგრატ დურგლიშვილი პედაგოგი, ჟურნალისტი, სამთავრობო აპარატის თანამშრომელი იყო, ხოლო დედა – პედაგოგი. 1955 –1966 წლებში ვაჟა დურგლიშვილი სწვლობდა ახალგორის №1 საშუალო სკოლაში. 1968 – 1972 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო საესტრადო სასწავლებელში, ხოლო 1979 – 1983 წლებში – თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში მუსიკა–სიმღერის ფაკულტეტზე (რავაზ ლაღიძის კათედრა). ჯერ კიდევ მოსწავლეობის წლებში გამოვლინდა მისი შემოქმედებითი ნიჭი. ხატავდა, ძერწავდა, მუშაობდა ხეზე. ახალგორის მოსწავლეთა სახლში არაერთხელ გამოიფინა მისი ნამუშევრები. მართალია, ოჯახს ვაჟას მომავალი სხვანაირად ესახებოდა, მაგრამ მან მაინც ხელოვანის გზა აირჩია.


ვაჟა დურგლიშვილის პირველი წარმატებული ნაბიჯი უკავშირდება ანსამბლ „ორერას“ და მის ხელმძღვანელს, რობერტ ბარძიმაშვილს. მათ გააჟღერეს „გაზაფხულის სიმღერა”, რომლითაც ახალბედა კომპოზიტორი გაიცნო მუსიკალურმა სამყარომ. ამას მოჰყვა მრავალი სხვა სიმღერა და შემოქმედებითი კონტაქტი სხვადასხვა საესტრადო კოლექტივებთან: „ორერა“, „დიელო“, სახელმწიფო ორკესტრი „რერო“, ანსამბლი "75", რადიოსა და ტელევიზიის ორკესტრი, „ციცინათელა“, „ენგური“, „ლალე“, „ჯორჯია“ და სხვა.

ვაჟა დურგლიშვილი ნაყოფიერად მუშაობს საბავშვო მუსიკის დარგში. მისი სიმღერები შედის ანსამბლების: „მზიურის“, „ნერგების“, „მთიების“, „ლახტის“, ტელეგადაცემა „ბასტი ბუბუს“ რეპერტუარში. დაწერილი აქვს საბავშვო ოპერა–რევიუ „სათაგური“ (ვაჟა ფშაველას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხევით, ლიბრეტოს ავტორი – გივი ჭიჭინაძე, რეჟისორი – გოჩა დეისაძე), რომელიც ვოკალურ–ინსტრუმენტულ ანსამბლ მზიურის (მეორე თაობა) შესრულებით დაიდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ხოლო შემდგომ მის მიხედვით ფილმი გადაიღო როგორც რესპუბლიკის, ასევე საკავშირო ტელევიზიამ.


ვაჟა დურგლიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა ახალგორის საბავშვო სახლში (1968 წ.), თბილისის სახელმწიფო ფილარმონიაში, 1972 წლიდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკურ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. შექმნილი აქვს 500–მდე საესტრადო სიმღერა, რომელთა შემსრულებლებს შორის არიან ნანი ბრეგვაძე, რობერტ ბარძიმაშვილი, თეიმურაზ წიკლაური, მანანა თოდაძე, ლელა წურწუმია, ბესიკ კალანდაძე, მერაბ სეფაშვილი, სერგო ღოღობერიძე, მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი.
1975 და 1983 წლებში ფირმა „მელოდიამ“ გამოსცა ვაჟა დურგლიშვილის ორი საავტორო ფირფიტა–გიგანტი, რომელთა ტირაჟმა მილიონს გადააჭარბა.
2002–2005 წლებში დაიდგა მიუზიკლი „თავქარიანები“ ვასო აბაშიძის სახელმწიფო მუსიკალური კომედიის თეატრში (ლიბრეტოს ავტორი და რეჟისორი – ზურაბ კახიანი).


2009–2010 წლებში კომპზიტორმა შექმნა კამერული ნაწარმოებები: 4– საფორტეპიანო, 4 –ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, 1–ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის, 2 –ქსილოფონისა და ფორტეპიანოსათვის, 2 –ალტისა და ფორტეპიანოსათვის, აგრეთვე საგუნდო სიმღერები, ჰიმნები, არის საბავშვო სიმღერების 7 კრებულის ავტორი. (4-ს ახლავს კარაოკე დისკი). კრებულები  განკუთვნილია საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის.
გამოცემული აქვს 12 CD ალბომი: „პოპულარული სიმღერები“, „შენ გიმღერი“, „საბავშვო სიმღერები“, „სალაღობო“ და სხვა.

გამოცემული აქვს ორი კრებული: 1. საფორტეპიანო პიესები; 2. კამერული მუსიკა.
2013 წელს 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა 100 სიმღერის კრებული - ”გულმართალი კაცი მიყვარს”.
დაჯილდოებულია ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით.
2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.
ა|წ 21 ოქტომბერს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ვაჟა დურგლიშვილის სახელობის ვარსკვლავი.
ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას: ხელმძღვანელობს ბავშვთა ვია ”მთიებს”.

ვაჟა დურგლიშვილი გახლავთ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი, ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილი. მისი ვაჟი – რატი დურგლიშვილი პროფესიონალურ სცენაზე მოღვაწეობს და ამჟამად უკვე პოპულარული მომღერალია, დუეტ „ჯორჯიას“ წევრი, პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსის, „ახალი ტალღის“ I ადგილის მფლობელი (ქ. იურმალა, 2008 წელი). მას მამის ნიჭი დაჰყვა – თავადაც წერს სიმღერებს.
კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი დღესაც ნაყოფიერად მუშაობს როგორც საესტრადო, ასევე კამერული და საგუნდო მუსიკის ჟანრში.

 
 
 
Satagury